Litclub.ge

გარიჟრაჟება
(სიმბოლური ლექსი)

თავბრუნახვევი და გასიპული,
დილის სიზანტე იწყებს თენებას.
ბინდი - სიზმრებით ამოტვიფრული
გაღვიძებულებს უწყებს ფერებას!
ღამის ფანტომებს ძალა ელევათ
და იწურება წუთი სიბნელის...
ღვთისგან სამყაროს შანსი ეძლევა
ახლად ბადების, ახალ სიმრთელის!
ისმის სიოში იავნანების
ყოველდღიური, ღამის სერია...
და ნაზმანები იალქანების
ჰაერი სევდის სამოსელია!
სახლთა დუმილი ფანტავს ჩვენებებს,
სადარბაზოთა ისმის ფუსფუსი...
ალიონებად აგებს შეგრძნებებს
ჩემი განცდების ცივი ბურუსი!
ცისარტყელებად სივრცეს ეკვრება
აურაცხელი ფერთა ნალები...
ძილქუში მიწას შემოეცლება
მემილიარდე გარდაცვალებით!
რიჟრაჟის დენთი ირგვლივ ფეთქდება
სიახლის დგება უცხო სურნელი...
ეს განთიადიც შეუერთდება -
აღქმას, ვით კალამს თეთრი ფურცელი!
თავრეტდასხმული და გაყინული
დილა გარითმავს გამოთენებას...
ნისლი, სიზმრებად ამოტვიფრული,
გაღვიძებულებს ჩუქნის ფერებას!