(ეძღვნება მალხაზ კობერიძეს)
რუხი კნუტებით გიხარია სულის ანთება,
ღვინის მორევში მძიმე როკი დაიბადება,
და გაუყვები მტვრიან ქუჩებს შავი ხაზებით.
გყავს მეგობრები უამრავი, როგორც ფანდები,
ღამეებს ათევ სიმღერებში შფოთიან გულით...
მოგონებები დაგყვებიან ლაჟვარდულ წნულით,
და დილაობით წყლის ჭავლის ქვეშ გაიმართები.
დახეტიალობ, თან ყოველგან ხარ მიღებული,
სტატუსი შენი - მუსიკოსი, ვით მაწანწალა...
ქარტეხილებმა გადაგთელეს, ფიქრმა გაწვალა,
"MEMENTO MORI" - არ გახდება მივიწყებული!
სისხლიან წიგნის საოცრება შენში სულდგმულობს,
და ხარ ლეგენდა, ცხოვრებაში მითად ქცეული...
ჰიპურ მანერით ხარ ზეციდან გამოქცეული,
და ნოსტალგია - მისტერიით მუდამ გიყურებს;
საყვარელ ქალის გეხატება ცივი აჩრდილი,
როს ბოჰემაში ააჟღერებ ბებერ გიტარას...
ხარ თვითმყოფადი და არასდროს არ მოგიპარავს
არც ერთი ნოტი, არც აკორდი და არც წადილი!
როცა აფეთქებ მელოდიას ბუმბერაზ გამმით,
როცა თითებით აქანდაკებ როკის ჰავერდებს,
თან "მწუხარება კვლავ ნაკეცი, ისევ დაგეძებს",
გამოაფხიზლებ იდიოტებს უეცრად, წამით!
- შავ ქარიშხლებმა ვერ გატეხეს შენი დიდება,
"MEMENTO MORI" - სამყაროდან არ წაიშლება!