აქ უნდა ვიჯდე!
ხანდახან მაინც...
ისე, უბრალოდ უნდა ვიჯდე
და ვიხსენებდე რაღაცეებს...
მარჯვნივ მამაჩემის გადიდებული სურათია.
წინ, კედელზე - რეზო ინანიშვილის ფანქრით
ნახატი პეიზაჟი,
მარცხნიდან ვაჟა გადმომყურებს იარაღზე ხელდადებული
დიდი ბოხოხით,
უფრო ზევით, თაროებში - შენი ავტოპორტრეტი.
აქ უნდა ვიჯდე ხოლმე,
ყოველდღიურობისგან დაფანტული,
აქ უნდა ვუსმენდე, აქ უნდა ვკრეფდე და ვიხსენებდე,
რამ მაქცია ადამიანად!