სხვანაირი ხარ...
როგორც თოვლით დამთვრალი ღამე,
ცისკარმა რომ უნდა გარიყოს...
რა გითხრა , როცა მარტოობის წყურვილით გკლავენ,
აგრემც მაგის ღმერთი არ იყოს!@
რანაირი ხარ...
როცა სიტყვებს ბავშვივით ჰკოცნი,
შური შურობს ალბათ ქილიკით...
გეღვრება, ვიცი, გულბოროტი ხალხისგან მოცლილს
სული _ ლირიკად!
დარდიანი ხარ...
დადიხარ და ავად გახელებს
სევდისფერი ლოდინის ლოდი...
მავანი სადღაც პროზაულად წაითავხედებს, _
მრუდე გზით მოდის!
საბრალო კია
სულის თოვლით დამთვრალი ღამე _
უჟმური რომ გადაირიყავს...
გჯეროდეს როცა მარტოობის წყურვილით გკლავენ,
ესე იგი
სხვანაირი ხარ!