Litclub.ge

სურათი
მკვდარია თითქოს... საღათას ძილით
ძინავს თბილისს და არ ჩანს არავინ,
აიზლაზნება სიბნელე დილით,
და დღე თენდება შიშშემპარავი.
ვაითუ, ეს დღეც ისე დაღამდეს,
მშიერი დარჩე სხვათაგან მალვით,
არ მაქვს სურვილი ისე გავმარჯვდე,
თავი ვირჩინო ძარცვით და პარვით...
ქუჩაში გახვალ და სახეები
შეგებრალება გატანჯულ ხალხის,
დღეის შიმშილზე ვერ გაჩერდები,
უსაზღვრო ვადით დადგა დრო მარხვის.
გაზაფხულდება... და მგონი ხალხი
დაუბრუნდება მიწას პაპეულს,
მაგრამ... სოფელში არ დარჩა ხარი
და ვის გაუსკვნი ყელქვეშ აპეურს?
მკვდარია თითქოს... საღათას ძილით
ძინავს თბილისს და არ ჩანს არავინ.
აიზლაზნება სიბნელე დილით
და დღე თენდება შიშშემპარავი.