Litclub.ge

ბიჭი ბიჭია მაინც
მეკითხებოდა ბევრი:
"ბიჭი გინდა თუ გოგო?"
არ ვაყოვნებდი პასუხს:
"ბიჭი! და მერე _ როგორ!"
შვილი _ შვილია, თუმცა
ბიჭი _ ბიჭია მაინც!
მოდის, გრძელდება გვარი,
ჯიში _ ავიც და კაიც!
ვარ სამი კვირის დედა,
მყავს სამი კვირის დევი,
ვარ ბედნიერი დაღლით
და ღამეების თევით.
ძლივს გაილეწა ცხრა თვე
დროის კალოზე კევრით,
"ბიჭი გინდა თუ გოგო?"_
მეკითხებოდა ბევრი,
მე კი ვიცოდი ნაღდად,
ნაღდად და არა _ იჭვით,
რომ ქართულ მოდგმას ერთიც
ემატებოდა ბიჭი...
შვილი _ შვილია, მაგრამ
ბიჭი _ ბიჭია მაინც!
მოდის, გრძელდება მოდგმა,
ჯიში _ ავიც და კაიც!
ჩემო მზეო და ჰაერო,
ჩემო პურო და წყალო!
"ნადენო ოქროს მილით
უკვდავებისა წყაროვ!"
ასე პატარა რომ ხარ,
როგორ ხარ ასე დიდი?
დაგმშვენდებოდა ჩოხა
და ამირანის მშვილდი!
თვალები _ საცრისტოლა
და გოლიათის მხრები! _
უნდა კვდებოდნენ შიშით
შენი სამშობლოს მტრები!..
ვარ სამი კვირის დედა,
მყავს სამი კვირის გმირი...
ღმერთო, მიეცი ლხენა!
ღმერთო, აშორე ჭირი!