ლადო ასათიანს
თბილისი ლურჯი ცრემლით აივსო,
სტვენდა ტოროლა მაინც იმ დილით,
მაგრამ გული რომ ვეღარ მაისობს,
ასჯერ მოკვდები ერთი სიკვდილით.
იქ დააკვნესეს ეს გუდასტვირი
და ლეჩხუმიდან გწერდნენ ბარათებს,
ზოგჯერ `ბოროტ სენს~ კი არ დასტირი,
ქრები და მერე ლექსად ანათებ.
სიკვდილის ჯიბრზე ისევ ელავდნენ,
ფართო თვალები, როგორც ორი მზე,
ხველებისაგან წამსკდარი სისხლი,
ყაყაჩოებად გცვივა ლოგინზე.
ანგელოზებმა თან გაიყოლეს,
უფლის მტრედივით სურვილი წმინდა,
`ხომ ლამაზია ეს საქართველო~,
მაგრამ შენ უფრო ლამაზი გინდა.
ფეხის ხმის ექო ქუჩას შემორჩა,
დილით ცა გიგლოვს, ღამე ბუ კივის,
გხატავ მზეჭაბუკს, რაშზე შემომჯდარს,
შენ მოკვდი, ზუსტად მზეჭაბუკივით.