Litclub.ge

როცა სამშობლო ასე შორს არის
უკვე არ მახსოვს სულის მგოსანი, _
ოცნება ლაღად ფრთებს როდის შლიდა?..
როცა სამშობლო ასე შორს არის,
რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!..
კვლავ მესიზმრება მტკვრის სანაპიროს
გაღმა-გამოღმა ლამაზი ხედი
და დავიწყება რომც დავაპირო,
გავხდე მორჩილი საკუთარ ხვედრის –
გამექცევიან გზაში ფიქრები
და მიმატოვებს ვიცი, ოცნებაც.
უსაქართველოდ მე ვინ ვიქნები, _
ვარსკვლავი ჩემი ციდან მოწყდება...
დე, ჩემი ფიცი ყველამ იცოდეს:
უცხოობაში შვებას არ ველი!
სწორედ იმიტომ მიყვარს სიცოცხლე,
რომ დაბადებით მე ვარ ქართველი...
გულს მიბნევია ნაზი შროშანი
და სევდიანად ისევ გაწვიმდა.
როცა სამშობლო ასე შორს არის,
რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!