Litclub.ge

უთქმელი ლექსი
უთქმელს რა ვუყო,
თორემ ნათქვამი გზას და
სამართალს იპოვნის თავად,
უთქმელი ლექსი მაფორიაქებს,
მისმა ლოდინმა გამხადა ავად.
არ გამანება არაფრით თავი,
არც მიმიკარა _ არა და არა!ხან ნაწვიმარ ცას მიელაციცა,
ხან ქარის ხმაზე გადაიხარა.
დაუსხლტა ბაგეს, დაუსხლტა კალამს
და თავის სახელს არავის უმხელს,
რაც რომ ნაღდია, მალავს და ჩქმალავს,
ვინ მიპასუხებს: _ რა ვუყო უთქმელს?!
უჰ, სასტიკია! მხოლოდ მან იცის
ყველა სიმართლის თავი და ბოლო,
მე _ უნდა ვიგრძნო, ვიხილო, ვიცნო
და სიტყვას გულიც ამოვაყოლო _
პწკარებად უნდა ჩამოვილიო
და საყვედურსაც ვერა ვბედავდე
იმ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
იმ უკანასკნელ გულისფეთქვამდე.
და მხოლოდ ერთხელ დამენახვება,
რას ვიზამ, ესეც ბედისწერაა,
უთქმელი ლექსი განწირულ გემის
მამაც კაპიტნის ბოლო მზერაა.