Litclub.ge

საარაგვოზე
ნეტავ გვირილებს არ ვენატრები,
არ ვახსენდები მთებს და მდელოებს?
ნეტავ მხედავენ, როგორ ვუზივარ
ფრთებზე იმ თეთრი ნისლის წეროებს?
ან ცას არ სტკივა სილურჯე, როცა
წამოედება მთების წვეროებს?..
`ეჰეი!~_ ვყვირი, ხმა არ ამომდის,
ყელში გასჩრია სიჩუმე ტატნობს.
არადა, ვიცი, აქ ხარ, სულ აქ ხარ...
ნუთუ ეს მთებიც ჩემსავით გნატრობს,
რომ ერთხელ მაინც გიხილოს, ღმერთო,
მზედ და ყვავილად კი არა, მარტო...
ხან მზის თვალშიაც გაკრთება ცრემლი,
სივრცეს ყაყაჩოს ბურჯღლი დასცვივა,
ანგელოსები გადაუფრენენ
შენი თვალებით ხევებს, ნაწვიმარს
და ჩემი სევდაც იქით გაყვება,
სადაც საუფლო სიზმრებს არ სძინავთ...
ბალახებიდან ფრთებგალუმპული
მომჩერებია თეთრი პეპელა.
რაო? გავფრინდეთ, სადაც გველიან,
წუთისოფელი ხომ არ გებევრა,
ან შენ რად გაკრთობს, ბაბუაწვერავ,
მარადისობის სულის შებერვა?
იქნებ აქ დავრჩეთ, გულს გავუყუჩდეთ
და ჩავეკრიფოთ ნამად გვირილებს,
მაშინ ვესტუმროთ ცხოვრებას სიტყვად,
როცა სუყველა გადაგვივიწყებს,
ნისლად მოვიდეთ საარაგვოზე,
საღვთო ფიქრივით ცად რომ მიიწევს...