Litclub.ge

*** "შენი თვალები ამყვა ფრესკიდან"
შენი თვალები ამყვა ფრესკიდან,
მოუსყიდველი, ხატის მადლივით,
და სანამ შენზე ფიქრი შემშლიდა,
უარგყავი და გაგინაპირდი.
ბედის ნებიერ ქალთა ჯინაზე
დავუმეგობრდი გიჟმაჟ ამინდებს
და ახლა ჩემი ცრემლის სიმლაშეს,
ალბათ, მარტოდენ მიწა გაიგებს.
რა ვუყო სულში ამოზრდილ ტაძარს,
ანდა კედლიდან გაქცეულ ფრესკებს,
გაორებული სხეული მტანჯავს,
და თითქოს ვიღაც მესამეც მეძებს.
მაგრამ ერთხელაც თუ ჩამომგლიჯა
ქარმა ასკეტი ქალის ნიღაბი,
მაშინ მიხვდები, ბედთან მორკინალს
ასეთი ტანჯვით რატომ მიყვარდი.