მე წამაწერეს პაპირუსებს უსათაუროდ,
ისე ვით ლექსი, აფრენილი მწერლის უბიდან
და რახანია შენს ნაპირთან ჩუმად ხმაურობს
სარკოფაგიდან გაჟონილი ცრემლის მუსიკა.
ვინა ვარ, რისთვის ვიარები ასე უკვალოდ,
გემუდარებით ამომხსენით, გამომიცანით,
იქნება რქა ვარ სამამულე, ანდა უბრალოდ
სახელდახელოდ გაჩორკნილი ოთხი ფიცარი.
დროზე უხნესი მოგონება მქვია ეგება,
ან მუჭა-მუჭა გაბნეული ფეტვის მარცვალი,
ჩემს ნაფეხურებს უფლისწული კი არ ეძებდა,
წუთისოფელი, გულბოროტი დედინაცვალი.
იქნებ, სევდა ვარ, ახდენილი ოცნების გზებზე
მაშვრალ მოყვასთა სანუგეშოდ შემონაფეთი,
მე თქვენს პოვნაში ამოვარდნილ გრიგალებს ვეძმე
და თან მიმყვება ჩემი წილი ზეცის ნაფლეთი.
რატომ მეკრძალვი, მიწა ვარ და ბარი დამკარი,
ნუ გეშორები, გზა კი არა, ნათლის სვეტი ვარ,
ღვთის შვილებსა და ეშმაკს შორის რწმენად ჩამდგარი,
პერგამენტებზე უფლისადმი ლოცვად ვწერივარ.
გინახავს კაცი, გადამხტარი სულის სარკმლიდან,
ცოდვილ მოკვდავთა მარწუხებში ვერჩატეული,
და სანამ ბედი ყვავ-ყორანთა ლუკმად დამყრიდა,
მუზებს მიჰქონდათ მგლოვიარე ჩემი სხეული.
ლექსი ვარ, ლექსი, გაზაფხულში ხომ არ გეშლებით,
რა მოხდა, თუკი ჩემს კალთაში სძინავთ აპრილებს,
ვარ მუხლმოყრილი თქვენს წინაშე შიშველ ფესვებით
და პაპირუსთა სიჩუმეში ყოფნას ვაპირებ.