Litclub.ge

სულ ეს შევძელი
ვერ ვითამარე, ვერ ვიდავითე,
ვერც ცოტნესავით გავთავდი მზეზე,
სინდისის ქენჯნა მკლავს იმთავითვე,
რომ ვერ ვიზრუნე, მამულო, შენზე.
თუმც, ჩემებურად, ვაგორებ ლოდებს,
გავასუფთაო, მინდა, გზა-შარა,
რითმებით გიქსოვ სააბჯრე ბლონდებს,
რომ ვერ გაგთელოს მტერმა აშარმა.
ვერ ვიექვთიმე, ვერ ვისაბავე,
გამოვიარე გზა მწირზე მწირი,
ო, მომიტევე ეს სისადავე,
უფალო, ჩემგან ვერ შედგა გმირი.
გავუნაწილე გული თანაბრად:
ზურაბს, კახაბერს, გიორგის, ქეთის
(ჩემი სიცოცხლე მიღირს არაფრად)...
სულ ეს შევძელი, სამშობლოვ, შენთვის.
მსურდა, ჰო, მსურდა ცხოვრება სხვაფრივ,
მწყინს _ ასე ჩუმად, ასე ცრუდ ვქრები...
ნაცრემლარ სულზე მისვია თაფლი
და გამეტებით მკბენენ ფუტკრები!..