Litclub.ge

ანტირეზიუმე
’`შეჩერდი წამო! შენ მშვენიერი ხარ!’’
წუხელ ბუდიდან გული ამოსხლტა,
გაფრინდა, სივრცე მოისაკლისა,
_ არ სურს რომ იყოს, _ ვუგებ, რა მოხდა,
დედამიწის ტყვე, ვიწრო საკნისა.
ჩაუთელია აღმართს დაღმართი,
დაღმა მივყვები უფონო ლეთას,
ცოტას გამოღმა, მეტს კი გაღმა ვთვლი,
წამები სისხლად გულიდან წვეთავს.
გული აფრინდა წუხელ ბუდიდან
და დღეს პაემანს მინიშნავს ცაში,
თუკი არყოფა ყოფას უდრიდა,
რად მოვდიოდით ამქვეყნად მაშინ...
მკრეხელურ ფიქრებს ჩამოვიცილებ
და სილამაზეს ვუმღერებ ოდას,
მშვენიერია წამი, თუნდ მცირე...
ისე, რა საზღვრავს ბევრსა და ცოტას.
მთვარე სივრცისგან გასხლტომას ლამობს,
ღრუბელი მისდევს მკაცრი იერით.
ნუ შეჩერდები, არ შედრკე წამო,
შენ, მარადსვლაში ხარ მშვენიერი!