ჩურჩულად მოჰყვა წლებს თბილი სიო
ლამაზ ლეგენდად რომ მოისმინო,
სთქვა მან _ აშენდეს აქ თბილისიო
და დაეწია ხოხობს მიმინო.
საუკუნეებს ჟამი ლეწავდა
ცოდვილთა ზრახვებს დრო მტვერს აყრიდა,
ვერ დაგაჩოქეს, თუმც ბევრს ეწადა,
თუმცა მრავალმა უღვთოდ გაგყიდა.
შენს სიყვარულს რომ ვეღარ მალავდა,
ბეჭედიაო ალმასიანი,
აქ იწყებოდა ჩვენი მარაბდა,
ჩვენი დიდგორი და ბასიანი.
დრო აჩლუნგებდა შუბის ბუნიკებს,
შურთ! შურის ციხე გედგა მძლე ფარად,
აქ მზეჭაბუკი მზეს გაურიგეს,
აქ აბო სინდისს გადაეფარა.
არ აწუხებდა მარწუხი დროს სვლის,
ხან იყო დრო ხსნის, ხან არგამოხსნის,
აქ იწყებოდა სამშობლო მგოსნის,
შემქმნელის დიდი `ვეფხისტყაოსნის’’.
გფარავს, მეტეხთან დაღვრილი სისხლად
ასიათასი ქართველის სული,
დრომ დაიწონა სულ მისხალ-მისხალ
სიკეთე, შენში დაბუდებული...
აქ, ვერაგობაც სხვანაირია,
მიკვირს, სიქველეს როგორ ვუთავსებთ,
აქ _ წიწამურთან მოკლეს ილია,
ერის ტკივილით და დარდით სავსე.
ავიც და კარგიც ღვთით შეგვისვია,
ხმლით ქართვლის დედა თასს ხომ გვაწვდიდა,
ზეობს სიცოცხლე და თბილისია
წმინდა ბარი და წმინდა მთაწმინდა.
ჩურჩულად მოჰყვა წლებს თბილი სიო,
ლამაზ ლეგენდად რომ მოისმინო,
ღმერთმა: აშენდეს აქ თბილისიო
და დაეწია ხოხობს მიმინო.