Litclub.ge

(ქორწილი ქართლში) `ყელშიაც ამომდიოდა~ ვაჟა.
ამაღამ იქნება ცეკვები დანებით,
იცეკვებს ნიჩბელი, გალელი, დმანელი.
თოვაში იდგება საფლავთან ცხენები,
იქნება ქორწილი, იქნება რცხვენები.
ჰაერში გაბმულა ცოფები კაცური,
მთვარიან სარეცელს მიელის ქალწული.
იქნება ჩხუბები და დაჭრა ღვიძლების,
იქნება ჩივილი: `სისხლისგან ვიცლები~.
თოვლი აივსება წითელი სისხლებით
და მოვა ელამი მაგივრის მიმზღველი.
ჰაერს გადაფატრავს ელვარე დანები,
იჩხუბებს ნიჩბელი, გალელი, დმანელი.
იქნება სმები და იქნება რწყევები _
და სასაფლაოზე იდგება ცხენები.
იდგება ცხენები სულ თეთრი მისდღემში,
ცხენები ნისლებში, ცხენები ნისლებში...
მერე უსათუოდ იქნება ქელეხი,
დოქებში ეყრება ღვინო, ვით ჭერეხი...
ბოლომდე გაავსებს სტაქნები სტომაქებს,
სტომაქი სტაქნისგან მიიღებს მონაგებს.
სტომაქებს სტაქნები, სტაქნებს სტომაქები
და ღვინით მოთხვრილი თეთრი გორაკები...
დედ-მამიშვილები, მულები, ქვისლები,
ერთი-ერთმანეთის ხორცნი და სისხლები,
და სასაფლაოზე სულ თეთრი მისდღემში
ცხენები ნისლებში, ნისლებში, ნისლებში...