წარსულის ბაღებში ჩიტები სხდებიან
და მწითურ ნათელში აფენენ ჰანგებს
გაიგე? ეს მხოლოდ ჩიტების ხმებია
თუმცა შენ არ ჰგავხარ ამ ჰანგის გამგებს.
მეც ეს ყველაფერი გიამბე განგებ
რომ მეთქვა რაიმე _ არ ვიცი რისთვის _
ბავშვებზე, ბაღებზე, გინდ _ ბაღის გამგეზე,
ადრე რომ ცხოვრობდნენ, იმ დიდი ცის ქვეშ,
იქ, სადაც ტოტებზე ჩიტები სხდებოდნენ
და ჟასმინის მსგავსი პატარა გოგო
რაღაც საიდუმლოს ანდობდა მეგობრებს:
მეც მათში ვიყავი _ არ ვიცი, როგორ.