Litclub.ge

ხელოვანის მხედველი თვალი
რა მნიშვნელობა აქვს ჩემს სიცოცხლეს,
თუ არ არსებობს დიადი აზრი,
რისთვისაც ღირს ვიცოცხლო?
თუ არსად შეინახავს ღმერთის დიადი მეხსიერება
ჩემს არსებობას?
თუ მე გავქრები, ვით ყველაფერი ამქვეყნიური?
მამაჩემმა თავი მოიკლა, თუ ის მოკლეს?
მაგრამ ეს კითხვებიც კი ხანდახან უსარგებლოდ მოსჩანს
რადგან უფრო მნიშვნელოვანი ხომ ეს უხმო მუსიკაა
მუსიკა ჩემში, გამოუთქმელ ცრემლად რომ მოედინება.
დაუსაბამო სევდა, სევდა რომ ადამიანი ვარ
და ამას ხომ მამაჩემის სიკვდილი შემაგრძნობინებს.
ეხლა ჩემი დიდი მეტოქეა კომპიუტერი,
ეს ჩემი უსახო ალტერ ეგო?
ყველაფერს რომ მაერთებს და ასე მაჩვენებს მსოფლიოს
ყველა საოცრებას
და ასე უწონადოდ დაეფინება ჩემს ფერხთქვეშ სამყაროს საზრისი.
რატომ გაჰქრა მზე? ყვავილები? ფოთლები?
ქარიც ხომ სასაცილოა, ის ღმუის,
მაგრამ მას აღარ ახლავს პოეზიის ნელსურნელება
სამყარო დაცარიელდა, რადგან აღარ არის
მხედველი თვალი მას რომ დაინახავს,
და შეაფასებს.
ვინ მოკლა იგი?