Litclub.ge

*** "კასრში რაა"
კასრში რაა, სულაც ჭურში ვზივარ,
დღისით, ბიჯო? _ ღამეც დავალ ფარნით,
საიქიოს მაინც ისე მივალ,
ვერ იპოვნე კაცთა მისადარნი.
შენ კი თურმე, _ არ იკარგავ იმედს,
სამარეშიც თან ჩატანილს ნატვრად,
რომ როდესმე თვალს შეავლებ იმ ერთს
ნუ იცინი, ხალხს რომ არ აქვს დარდად!
ჰე დიოგენ, შენ მოგეცა ლხენა,
ჩემზე შტერი არ მეგონა კაცი,
როგორ გკადრო, უნდა მომტყდეს ენა
რომ საფლავზე მიგაწერო ცარცით!?
რისი ბრძენი, ვაი მაგის პატრონს,
ალბათ, მეტი არ ჰქონდა-თქო საქმე,
გაგონილა, ხორციელის გვარტომს
ერთი კაცი გაეკვაჭა სადმე?
კასრში რაა, მთლად მარანში ვათევ,
ლამფის შუშით ვიმზიანებ ჭკუას,
მარა ისე როგორ უნდა დათვრე,
ტვინში გაგკრას, _ სადმე კაცი თუა?