არ იყავ, მოხველ, დაგიხვდი მთვარე
და ვარსკვლავებით მორთული გველი,
ცის კარუსელი დაგრჩება გარეთ,
რადგან მომავლის სიჩუმე გელის.
_ შენ თავისთავად ხარ მოწყალება
და ეჭვობ რამედ ღირდე სრულიად,
არ იყავ, მოხველ და, როგორც წესი,
სინათლე შენთვის დანისლულია.
შენ ხარ ქალაქში დამწყვდეული მთელი ქალაქი
და სულის ახალ ქუჩას დაეძებ,
და წარსულიდან მისთვის მოდიხარ,
რომ აღზევდე და ისევ დაეცე.
... ხელუხლებელი დაგვიხვდა მთვარე
და ვარსკვლავებით მორთული გველი,
იმედის მოდელს დავტოვებთ გარეთ,
გვჯერა მომავლის და სიკვდილს ველით.
ხელებს დაგვიწვავს მზის მოაჯირი
და ნუ გავამხელთ გლოვას ნურავინ,
დასასრულს მაინც ვეღარ მოარჩენს
ჩვენი სიმღერა და სამდურავი.