Litclub.ge

*** "თვალდახელშუა"
თვალდახელშუა გაქრა სხივი სიხარულისა,
როგორც კი ჩემთვის გავიმეტე სიკეთე მისი.
გავცვალე უფლის სიტყვა გულისთქმაში უღირსმა
და ვნებათაგან ვიწვი, როგორც ცეცხლისგან ისლი.
საკუთარ თავთან _ არა სხვაგან, სად არ ვიომე,
სად არ ვეძებე ის, რაც ჩემში სუფევდა ოდით,
ხატს ვივიწყებდი, სიკეთის ხატს და ამბიონებს
ვამსხვრევდი მისას და ჩემივე თავს ვეღარ ვცნობდი.
ვიცვლიდი სამოსს და ფიქრებსაც ვიცვლიდი ხშირად,
ტკბილი სიზმრების გმირს მეძინა სინამდვილეში,
სახეზე მეცხრე ცას ხატავდა ბრწყინვალე შირმა,
მე კი ისე, რომ არც ვიცოდი, ვეგდე დილეგში,
დასეულიყვნენ მავნებლები სადაც ვნებათა,
ჩემს უგულობას უკვდავება რომ არ სჯეროდა,
უსაზღვროდ მსურდა, არც მახსოვდა, მეც რომ მემართა,
რომ მიფარავდა უღირსს ჩრდილი შენთა ჩეროთა.
სიხარულს ჩემთვის დავეძებდი, ჩემთვის _ ამება,
სიხარული კი მოაქვს თურმე შენთვის წამებას.