მინდორს ფარავს თეთრი ფარა,
იქვე სალამური კვნესის,
ნეტავ საით გამეპარა
წუხელ დაწყებული ლექსი?
სიზმარ-ცხადის თოთო პირმშო,
ჯერაც სუსტი ნედლი ფესვით _
მაინც რა ლამაზი იყო
სულში დაშიფრული ლექსი!
იქნებ უკან მოჰყვეს წვიმებს,
იქნებ ჩიტის სტვენად მესმის...
ღვთისმშობელო, მაპოვნინე
წუხელ დაკარგული ლექსი!