ცხოვრება იყო სიზმარივით,
სიზმარი იყო უსასრულო...
გზები ჭენებით გამცვდარა და
წლები ლოდინით მომცდარიყო.
ბოლოს მოვიდა სიხარული,
მაინც მოვიდა სიხარული,
აჰა, მოვიდა სიხარული,
რათა ჩემს თვალწინ მომკვდარიყო.
არა-მეთქი, სიხარულო,
ცოტაც-მეთქი დაიცა,
შენ თუ არა, _ მთვარით მთვრალებს
ვინ ოხერი დაიცავს.
შენ ხარ ჩემი მეგობარი,
ძმაიცა და დაიცა...
შემომცინა, შემომცივა,
მკერდში დანა დაიცა.
ცხოვრება იყო სიზმარივით,
სიზმარი იყო უსასრულო...
გული გვემული მკერდიდან და
თვალთაგან ცრემლი მომწყდარიყო,
ბოლოს მოვიდა სიყვარული,
მაინც მოვიდა სიყვარული,
აჰა, მოვიდა სიყვარული,
რათა Eჩემს მკლავზე მომკვდარიყო.
არა-მეთქი, სიყვარულო,
გვედრი-მეთქი ძალიან,
მოსვლას ზარობ, წასვლას ჩქარობ, _
ეგ რა სამართალია.
ნაიარევს, ნაუარევს,
ვინ შეუშროს თვალია...
არც მითხრა და არც მისმინა.
ჩუმად სული დალია.
ცხოვრება იყო სიზმარივით,
სიზმარი იყო უსასრულო...
ტიროდა ჩემი ჯალაბი და
კარზე ზღვა ხალხი მომდგარიყო,
ბოლოს სიკვდილი მომეახლა,
თვითონ სიკვდილი მომეახლა,
დიახ, სიკვდილი მომეახლა,
რომ ჩემთან ერთად მომკვდარიყო.
არა-მეთქი, ჩემო მკვლელო,
ცოტაც-მეთქი დამაცა,
მითხრა: `გეყო, შე საწყალო,
ბედმა რაც გათამაშა” _
მხარზე ხელი გადამხვია,
გული გამიმამაცა _
აქ ცხოვრების, იქ ცხონების
დედაცა და მამაცა.