Litclub.ge

ტრიოლეტები მამას
`აშპაშხანისკენ!” _ აგყვებოდა შენი მარაქა,
სიმწრის ძმაკაცებს არ გახსოვდათ ნაზი ბულბული.
მთელი ცხოვრება სიყვარული გქონდა მარაგად,
`აშპაშხანისკენ!” _ აგყვებოდა შენი მარაქა,
წუხელ (ვინ იყო!) მთელი ღამე მელაპარაკა
(ქუჩაში წვიმითY და ცრემლებით ამოლუმპული),
`აშპაშხანისკენ!” _ აგყვებოდა შენი მარაქა,
სიმწრის ძმაკაცებს არ გახსოვდათ ნაზი ბულბული.
საბრალო დედა _ გამაშეშა ცრემლმა იმისმა,
ერთგულნი შენნი ისევ მწარედ დაგქვითინებენ.
ობოლ სუფრაზე დღეს უშენოდ მიდის ღვინის სმა,
საბრალო დედა _ გამაშეშა ცრემლმა იმისმა,
რაც შენ წახვედი უბედურის ვაიმ და ვიშმა
დაგვქანცა ყველა, დალოცვილო, რისთვის ინებე?
საბრალო დედა _ გამაშეშა ცრემლმა იმისმა,
ერთგულნი შენნი ისევ მწარედ დაგქვითინებენ.
შენი ტოლები მეგობრულად მივსებენ ჭიქას,
ეს შეურყვნელი სისხლი არის ამის თავდები.
შენ აღარა ხარ, აღარ ისმენ გლოვის მუსიკას,
შენი ტოლები მეგობრულად მივსებენ ჭიქას,
მარად ვაჟკაცურს გიხსენებენ ისე ფაქიზად,
გამგონე ამის გასაოცრად ვპატარავდები.
შენი ტოლები მეგობრულად მივსებენ ჭიქას,
ეს შეურყვნელი სისხლი არის ამის თავდები.
`აშპაშხანისკენ!” _ წამოვიწყებ შენი არ იყოს,
მინდა მდუმარე სასაფლაოს ავხადო ჭერი:
მამაო ჩემო, უშენობას რამ შემარიგოს,
`აშპაშხანისკენ!” _ წამოვიწყებ შენი არ იყოს,
დე, უსიმღეროდ ყველა ტოტი ჩამომხმარიყოს,
ჰარამი იყოს უსიმღეროდ ჩემი ნაწერიც.
`აშპაშხანისკენ!” _ წამოვიწყებ შენი არ იყოს,
მინდა მდუმარე სასაფლაოს ავხადო ჭერი.