წახველ... დასრულდა... მე კი აქ დავრჩი,
მაგრამ შენს კუთვნილ ტკივილს ვინ ზიდავს...
სულში ჩამიქრა თვალები ბავშვის
და სინანული ამოიზიდა.
ამოიწელა ეული ლანდი
ჩამოძენძილი, დამჭკნარი ბედით.
მიგაქვს სიცოცხლით ნაკლები დარდი,
მე კიდევ _ შენი სიკვდილით მეტი.
ჩვენ ხომ სატკივარს საერთოდ ვთვლიდით,
რამ გაყო ხვედრი ორად ნეტავი?..
შენა ხარ ჩემზე სიკვდილით მშვიდი,
მე კი _ სიცოცხლით შენზე ბეჩავი.
ამ სამზეოზე რა გრჩება ვიცი,
მშვიდობით!.. შენი ტკივილით ცხონდი.
გზა გაქვს მსუბუქი მამულის მიწით,
მე მძიმე _ შენი საფლავის ლოდით.