დამთავრდა სულის ცისფერი გარჯა
ვდგავარ და ზეცას ცოდვით გავყურებ,
ამქვეყნად უკვე აღარც რა დამრჩა
და ბრაზით ვთელავ ეულ სამყურებს.
კარებდაგმანულ მონასტრის ზღუდეს
უფალი იცავს და ფებრონია,
მე ამ სადარდელს ვეღარ გავუძლებ,
ჩემს მწუხარებას აღარც ფონი აქვს.
შენ ჩამოგხსნიან ყველა სამკაულს,
ვიღაც შენს გულთან უნდოდ იანცებს,
გაგაგონებენ სიტყვებს საკრალულს
და შეგრაცხავენ სიძვის დიაცად.
და როცა სული დარდს დაიოკებს,
შენ ალბათ კიდევ ერთხელ მინატრებ,
შეგაფეთებენ სულის სიმოკლეს
და გაციებულ მყუდრო მონასტერს
მანდ სიმარტოვის დარდსაყუდებელს
ვინ უწყს რამდენი ცოდვა ამძიმებს,
დგანან დედანი მუხლისთავებზე
და ტანში ზარავთ ოქროს ბარძიმებს.
ცას შეეყინა ოცნების გუნდი,
შენ სამონაზვნო კაბაში გრთავენ,
მე უხმოდ ვტოვებ მონასტრის ზღუდეს,
რომ ამ ცხელ გულზე მოვიკლა თავი.