სახლ-კარის მიტოვება არ მინდოდა,
მაგრამ უნდა წავსულიყავი.
სახლს კარი ჩამოვხსენი,
ზურგზე მოვიკიდე
და გზას გავუდექი.
ბევრი ვიარე...
ეს კარი ხან მაგიდად გამომადგა,
ხან კიდევ - საწოლად;
თავშესაფრის მაგივრობაც გამიწია
და, როცა მდინარეს მივადექი,
ტივადაც ვაქციე.
ბევრი ვიარე,
კარი არსად არ მივატოვე
და დიდი ხნის მერე
მასთან ერთად უკან გამოვბრუნდი.
და როცა სახლს მივუახლოვდი,
შევამჩნიე:
იქიდან ვიღაცები გამოცვივდნენ
და აქეთ-იქით გაიფანტნენ -
ალბათ ეშმაკები თუ იყვნენ.
სახლი გამოვხვეტე.
დავალაგე
და კარი ჩამოვაბი;
დავხურე,
მივწექი და
ძილმა წამიღო.