როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების,
როგორ ბრძანდებით,
ხომ არ მოიწყენს სასახლე თქვენი
ან შეღამებით, ან შებინდებით,
როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების.
თქვენს საუფლოში სიხარულის
დამწუხრებას
ტახტსა ვინ ჰგიებს.
ხომ არ წარსტაცეს ჟინი მზის და გარდაცვალების
თქვენს საბრძანისში ვარდებს და იებს,
როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების.
ხომ არ დაკარგეთ ნიჭი ცრემლის და აღტაცების,
მე მახსოვს ადრე ვით გამკობდათ ცრემლი ობოლი.
ხომ არ მოდიან შუაღამით რინდი კაცები,
ხომ არ გკადრებენ რამეს უღვთოს, რამეს მოგონილს,
როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების.
თქვენს სასახლეში ხვალ იმღერებს ზეცის ორკესტრი,
მოგრთავენ ალბათ ალმასით და იაგუნდებით,
თქვით, დედოფალო, გაგართოთ თუ უკვე მოგბეზრდით,
თქვით, დედოფალო და არასდროს არ მოვბრუნდები.
ნახვამდის, დიდო ქალბატონო, დიდი ველების,
ნუღარ მოიწყენთ, ხვალ გიმღერებთ ზეცის ორკესტრი.