ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ
არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება.
იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.
ო, გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ
ცხოვრება მიდის, როგორც მზე-შინა,
თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა,
რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნათ.
ო, გავუფრთხილდეთ წუთებს და წამებს,
სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი.
არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება
წამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს.
ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა
ის, რითაც გული კვდება თუ ფეთქავს.
სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება,
რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.
ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან
არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება...
სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ,
ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.