(ხორცის მუზა)
ნაწყვეტი
ო, რა ხანია, დედოფალო,
რაც ტკბები ჩვენი ხარბი თვალებით?
რა ხანია, რაც ვერ იოკებ ჟინს,
რომლითაც დაგიგეშია შთამომავლობა?
შენს სავალ გზებზე ხალიჩასავით გაფენილა ჩვენი ხორცი.
ხორცი, რომელიც ვერ ძღება ხორცით.
ხორციდან ხორცზე დააბიჯებ,
თაობებიდან თაობებამდე და ათასობით გეგებით ფეხთქვეშ.
ო, დიდებულო ქალბატონო, უკვდავება გაგინაღდია!
ბნელშიც ხელის ცეცებით ვეძებთ შენს უძღებ სხეულს.
მარტოობაც კი ნაყრდება ხორცით.
დიდებულად მოგიგონია _
ხორცის თეთრი ხაფანგი, რომელშიაც გამომწყვდეულვართ.
რა ოსტატურად გააცურე `მე~,
რომელმაც არც კი იცის სხვა ნავსაყუდი.
შენში ჩავუშვებთ ღუზას და უფლის სველი სხეულიც
შენ გეწვეთება. მხოლოდ შენგან ამოვიყივლებთ
და თეთრი ხორცის ოკეანეც
თანდათან ქელავს დედამიწას, რომელიც ნაყრდება ჩვენით
და ვერაფრით ვეღარ გამოძღა.
დედამიწა ნაყრდება ხორცით.
ოი, რამდენში დაბადებულხარ
და რამდენი დავბადებულვართ?!
საუკუნეებს ათამაშებს უთეთრესი სველი ხორცი
და სამყაროსაც ემუქრება გადაოხრებით ხორცი,
რომელიც ვერ ძღება ხორცით,
გალაქტიკებში ჩავარდნილი ხორცის ნაფლეთი.
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია!ფარაონის გამხმარი ხორცი, ხორცით შენდება პირამიდები.
ქალაქები ივსება ხორცით.
ხორცით შენდება ქალაქები,
მატარებლები, მორგები, თვითმფრინავები ივსება ხორცით.
ხორცი დგება ხორცისთვის რიგში, ხორციანი კილომეტრები.
ხორციანი შამფურები, სინჯარები და მენზურები.
ექიმის მიერ გაკვეთილები.
ანატომიის გაკვეთილები, მითხარი, ერთი, რა დაგანაყრებს?
ო, ბარბაროსო ქალბატონო, ნუთუ უფალიც ნაყრდება შენით?
ხორცის შეწირვამ შეიწირა თავად აბელიც.
პიგმალიონმა მარმარილო აქცია ხორცად, ღმერთმა კი თიხა.
ეკლესიები ინაწილებენ წმინდანის დაფლეთილ სხეულს.
ღმერთო, შენც ხომ ხორციელად გამოგვიცხადდი,
მერე ხორცსაც ვერ შეელიე
და ხორციელად აღსდექ ჩვენს თვალწინ.
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია!
ხორცი ცეკვავს, ხორცი როკავს,
ხორცი ზანზარებს, ხორცი ხატავს,
ხორცი მღერის, ხორცი დაგვტირის,
ხორცი ლპება, ხორცი ქრება
და ვიბადებით ხელმეორედ ხორციდან ხორცი!
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია!
უთვალავ შვილებს, რათა გამოძღნენ,
ერთმანეთის სუნით აღაგზნებ,
შეუბრალებლად ეძგერება ცხოველი ცხოველს,
იმისთვის რომ გაიბჟიროს შენი უძღები ტანი,
ტანი, რომლის ატომადაც მეგულვის თავი.
ჰო, ვძღები ხორცით, დაბადებიდან მე ვძღები ხორცით,
მანამდე ხორცში ვიზეიმე ჩემი ხორცობა,
ხორცში მოვმწიფდი, ხორცით ვიშვი, ხორცად შობილი _
ხორცად მოვკვდები,
ჩემი ხორცი ზარ-ზეიმით ჩაივლის ქალაქს,
მანამ ზეიმით გამოვილევ სიცოცხლის მარაგს
და ზარ-ზეიმით მივაშურებ ხორცის სამარეს
და ჩემს ხორცში ზარ-ზეიმით აფუხფუხდება უამრავი ჭია და ღუა.
ო, ზარ-ზეიმი მაშინ ნახეთ, ო, ზარ-ზეიმი!
ო, ქალბატონო, რა დიდებულად მოგიგონია!
რად გვინდა ცრემლი, როცა ხორცი ასე ზეიმობს,
როცა ჩვენს ხორცს ამდენი ძალუძს!
ხოლო ქელეხზე ყველა ერთად გავძღებით ხორცით,
ხორცით, რომელიც ასე უხვად ყრია სუფრაზე,
კედლებიც კი შეისრუტავენ ხორცის ოხშივარს.