მე ვარ კვაზიმოდო, მე ვარ კვაზიმოდო,
მე მთელი სიცოცხლე ბეჭებით დავათრევ
უხეშ ტომარაში ჩაგდებულ ლოდივით კუზს.
თქვენ მე შეგიძლიათ მახინჯი მიწოდოთ,
მაგრამ მოუსმინეთ წუთით კვაზიმოდოს
მას ერთი რამის თქმა სურს.
ო, ნუ გაიკვირვებს ამაყი ბიჭი და
ნუ გაეღიმება იმ ცისფერ გოგონას,
თეთრი მიხაკებით თმებში,
ჩემი სიყვარული ზვავივით მოგორავს,
ნუ გაეღიმება იმ ცისფერ გოგონას,
რომ თქვა, რომ ყველაზე
უფრო ლამაზი ვარ თქვენში.
მე არ ვარ რომეო და გრძნობა უზიარს
არვინ მოუწამლა ტრფობის ამულეტი,
ჩემი სიმახინჯე და აი, ეს კუზია
ჩემი მონტეგი და ჩემი კაპულეტი.
ფოფხვით და კანკალით, სულამოუთქმელად,
ტაძრის სამრეკლოზე ავალ აღტკინებით,
მიჯნურის ლამაზი სიტყვების უთქმელად
და შეასკდებიან ერთმანეთს რკინები.
მაშინ ვერ შემბოჭავს ტკივილის თარეში
და თქვენ შეგეძლებათ ლამაზი მიწოდოთ,
როდესაც ღვთისმშობლის ტაძრის
სამრეკლოდან
ვაბღავლებ სიყვარულს ჟანგიან ზარებში,
კოჭლი, კუზიანი, ნაზი კვაზიმოდო!