ზედ გულზე მადევს ეგ თბილი ხელი,
მოვდივარ, ვიცი, შენც გენატრები,
მოასკდებიან ღობეებს წნელის
ვარდისფერკაბა დები _ ატმები.
თითქოს პირველად ვიყო მნახველი,
ისე მაბრუებს სურნელი ბელტის,
გადახეულა თოვლის საყელო
და აპრილს იის მოუჩანს კერტი.
სხვაგან თუ მისწრებს შენი წყურვილი,
თავქვეშ გავიფენ ბალახს ჭილოფად
და მოკისკისე სალამურივით
შვიდგან გავიხსნი გულზე ჭრილობას.
და როცა ჟამი თავისას მიზღავს,
აქედან ვიცი, რასაც მიპირებ, _
თუ მომკლავ, ალბათ, შემოდგომისას
და ხეთა ყვითელ ფოთლით მიტირებ.
ჯერ კი შენთან ვარ და ალბათ კიდევ
ბევრჯერ ამინთებ კოცონებს სულში
და პეშვით ხორბლის საკმეველს გიკმევ
პაპის კვალდაკვალ ჩამდგარი ხნულში:
`ეს _ ერს, გადურჩეს მეწყერს და ავდრებს,
ეს_ სტუმარს, ესეც _ შაშვსა და ოლოლს...”
და როგორც პაპამ მასწავლა ადრე,
ოჯახს ვახსენებ ყველაზე ბოლოს.
ქსანზე ვარ... ლურჯად ელავს ნაპირი,
მზით დაქარგულა მთათა კალთები
და საქართველოს ლოცავს აპრილი
აყვავებული შინდის სანთლებით.