Litclub.ge

*** "შემოეხეტნენ ხეზე ნისლები"
შემოეხეტნენ ხევზე ნისლები
და დაამძიმა ბინდის ღრუბელმა,
ფიფქაშლილი და განრისხებული
ყინულასხმული ქარი უბერავს...
ჩამოდის თოვლი და მთა საჩალის
თანდათანობით ზეცისკენ იწევს
და მოყრანტალე ყვავი-ყვანჩალა
როგორც ფოთოლი
ჰკიდია სივრცეს...
ხეობის ბოლოს არხოტის ქედი
თითქოს ჩამდგარა ზეცის გამყოფად,
აღმართულია თოვლის კედელი
და ღრმა ხეობა მოჰგავს სარკოფაგს...
ბჟუტავს არაგვი
და კვლავ არიგებს
ირგვლივ დაწყვეტილ მუსიკის ბგერებს
და ნაპირების ბედის გამრიგე
თოვლში დალეულ ტანს მიაგელვებს...
....
შემოეხეტნენ ხევზე ნისლები,
ცა დაამძიმა ბინდის ღრუბელმა,
ფიფქაშლილი და განრისხებული
ყინულასხმული ქარი უბერავს...