ხსოვნას მზეც ვეღარ მითბობს.
ვეძებ კორპუსებს მაღლივს.
სახლთან ვერ მიველ, თითქოს
აორთქლდა ჩემი სახლი.
მოსახვევებში ვუხვევ
და მაბნევს ჩემი ჩრდილიც...
ღვინით დავთვერი წუხელ,
სახლს ვეღარ ვაგნებ დილით.
დავალ აღმა და დაღმა,
მაფრთხობს ჩიტების გუნდი,
ხიდით გადაველ გაღმა
და უკან გამოვბრუნდი.
დავალ, გზადაგზა ვკარგავ
ჯიბეში მცხოვრებ საგნებს...
ვეხვევი ყველა ნარგავს,
სახლს კი ვერაფრით ვაგნებ
და ლამის ჩავიძინო,
ამ დროს, უეცრად, მოდის –
ხელკავს მიკეთებს ღვინო
და მეუბნება ბოდიშს.