ჩემი პიეტა ერთი ლექსია,
თქვენთან უცილოდ მოვა თავისით.
წარმოიდგინეთ ის თქვენს ლოცვებში,
როგორც ნექტარი, მზე და ყვავილი.
ის თქვენთან ერთად ივლის, იბრწყინებს,
არ მოსწყინდებით, არ მოგწყინდებათ,
არ მოგცილდებათ, – თქვენთან სიკვდიმდე
დაიბინადრებს მისი დიდება.
სად არ ვეძებე მისთვის სიტყვები,
თუმცა იჭვებმა ლამის დამახრჩონ,
ბრწყენს ლურჯი, თეთრი, მწვანე, წითელი, –
სხივების კონას შევხსენ ხარაჩო.
მინდოდა იგი ისე მართალი,
ისე გულღია, როგორც მამაა,
შეყვარებული გულის ფართქალი,
ისეთი წმინდა, როგორც ანაა.
მსურდა მფეთქავი ჩქერი ნამდვილი,
მის დაბადებას ჯვარი სწერია,
ისეთი ტკბილი, როგორც `ნადური”
და მშობლიური სახლი, კერია.
მინდოდა ლაღი, მაგრამ უბრალო,
განსხვავებული კარმის, ვუალის,
თავისუფალი ლექსი, უფალო,
ქვეყნად უვალო რამე თუ არის.
ვით დედაჩემის ჭაღარა-ვერცხლი,
მისი შუბლის და სახის ღარები,
მართალი, როგორც თვალები-ზეცა,
სევდა-ნაღველში ნაკამკამები.
სად არ ვეძებე მისთვის სიტყვები,
თუმცა იჭვებმა ლამის დამახრჩონ,
ელვარებს ლურჯი, მწვანე, წითელი, –
სხივების კონას შევხსენ ხარაჩო!