Litclub.ge

შველა
მალე ეს გული დამელუქება,
რადგან დღეს მარტივ თამაშად მოჩანს
თურქობა, როცა ხვიჩას და გოჩას
სტამბოლში ჰყიდდნენ მამელუკებად.
ახლა ქვეყანას ერთად ჰყიდიან,
ვის როგორც უნდა, იმგვარად ყიდის
და რა ხანია, ენგურის ხიდი
სტიქსის ხიდია, ლეთას ხიდია.
ხან შამგონაში არის თარეში,
ხან ალყაშია ოტობაია
და ვგრძნობ და ვიცი, თოთო ბაია
გაიწირება, როგორც თარაში.
გაიწირება, ვიდრემდი ყველას
არ ამოგვივა ერთხელაც ყელში
სიცოცხლე ბნელში, სიკვდილი ბნელში
და მხოლოდ სხვებში ვიგულვებთ შველას.