Litclub.ge

მნემოზინა
მზემ მიიხურა მწუხრის კარები
და ვარსკვლავები გარეთ დატოვა,
ირგვლივ სივრცეა ხელუკარები
და მის წიაღში ახლა მარტო ვარ.
შენ აწი არც კი გემახსოვრები
ძოწ-ლალ-მარჯნიანს, ოქროს ზოდიანს.
ჩემი ცხოვრება შენი ცხოვრების
ერთი ცინცველა ეპიზოდია.
მაგრამ ხომ იყო... ხომ იყო ღამეც,
როცა მე ვიყავ შენი მფლობელი,
ცას, დედამიწას, სასტუმროს ავეჯს
ესმოდა ჩემი სამადლობელი.
რა დამავიწყებს!.. სარკმელთან მდგარი
იხდიდი კაბას ხატაურასა.
შემოგნატროდა ვარსკვლავთა ჯარი,
მზემ რომ კარები გადაურაზა.
ნეტავ იმ ღამეს!.. ვარ მიჯაჭვული
ციმციმა ლანდებს, მისკენ მავალებს.
იქ მნემოზინა, როგორც მსაჯული,
არდავიწყებას შენსას მავალებს.