Litclub.ge

მოხევისადმი
ვკარგავ სამშობლოს, როგორც კარგავდა
ყველა ქართველი თამარის მერე:
ტაოს და კლარჯეთს, შავშეთს და ჰერეთს
და ქართულ შრიალს ქართულ ნარგავთა.
ჩემი სურვილი ერთადერთია:
აქ უცხო ტომმა არ იყაყანოს!
მაგრამ მართმევენ სამურზაყანოს
და ჩემი ცრემლი ენგურს შერთვია.
მაგრამ მართმევენ დრანდას და ილორს,
ქვემეხს უშენენ მაჩაბლის კერას,
ქართველი დედა კვლავ შავებს კერავს
და მოთქვამს, მოთქვამს: `ვაიმე, შვილო!~
თავად მარტოკა, თავად ეული,
მე ჩემიანებს ვხედავ ეულებს.
ვრაცხ ბედნიერად თერგდალეულებს,
მე – საუკუნის შხამდალეული.
გმინვა მეომრის, გმინვა მეგუთნის,
მთლად საქართველოს გმინვაა, გმინვა.
გამაგებინე, მოხევევ, ვინ ვარ,
თუ თავი ჩემი მე არ მეყუდვნის?