მიაგნებ კი? შეუცვლია ნირი,
მზეგადაღმა ჩამოუდის ღელე,
რომ იყავი ჩემი ზღაპრის გმირი,
ის გიამბობს, მთიდან მოუყელე.
ახლაც მახსოვს (თითქოს იყო გუშინ),
ისარივით განატყორცნი მზერა...
მერე?.. ხატად ჩაგისახლე გულში,
რა ვუთხრა მე ჩემი ბედის მწერალს!...
შევიცანი, მაგრამ იყო გვიან,
წრფელი ფიცის უწონელი ფასი,
ჩემი სულის ავგაროზი გქვია,
სევდის მგოსნის უტყვი მუხამბაზი.
რა დავარქვა უფაქიზეს გრძნობას,
მოკრძალება? არა, უფრო წმინდა!
გაგიჭირდა, ვჯავრობ, ჩემი ცნობა,
რა ვქნა, თუკი სულში გამიწვიმდა.
ქარი ქარგავს გვირილების გვირგვინს,
ყაყაჩოებს უატლასებთ სახე,
ფიქრის ჯარი მახვევია ირგვლივ,
უფალს ჰგავდი, ბოლოს როცა გნახე.