სევდის მონა ვარ, სნეული,
არ მელხინება მე ბარემ,
სიყმაწვილის კვალს დავეძებ,
სიბერეს გამოვეპარე.
ხან დედას ყელზე ვეხვევი,
ერთად ვართ ღამის თენებით,
ხან თეთრი კაბა მაცვია,
პეპელას ავედევნები.
ნიავს მივყვები ფეხდაფეხ,
ხის კენწეროზე ვექცევი,
დავისიცხები? მკათათვეს
ჩეროში გამოვექცევი.
ხან ორბის ფრთები მასხია,
ხან დავალ ხელის კიდებით,
მუჭში მოვიქცევ მზის სხივებს,
ხან წყაროს გავეკიდები.
ვითვლი უთვალავ ვარსკვლავებს,
ნეტარ არიან ვისები?
შემომკისკისებს ყაყაჩო
და სიხარულით ვივსები.
მერე?.. ჭალებსაც ვეწვიე,
ულაყს აშლოდა ფაფარი,
ცას აყრუებდა ჭიხვინით
დილიდან მიუსაფარი,
მიწას მობდღვნიდა ფლოქვებით
და ხან კი ყალყზე დგებოდა,
მივუალერსე ცვრით ნაკაზმს,
ჩემი თქმა გაეგებოდა.
მივუხვდი, ვისაც უხმობდა,
არსაით ჩანდა მხედარი,
ტყე ბუბუნებდა, სულიდან
გამოასვენეს ცხედარი.
ნისლში დაეშვა სამყარო,
მზე დამიბნელდა მე ჭირად,
ჩამოვტიროდი თავდაღმართს
და გული ხელით მეჭირა.
ჰო, იმას გეუბნებოდი,
არ ვლხინობ-მეთქი მე ბარემ,
სულს მოვითქვამდი, მეგონა,
სიბერეს გამოვეპარე.