Litclub.ge

ახლა ერს უნდა ილია
ისეთი ცაა ჰანოვარს,
გგონია, წვიმა წამოვა...
ვთამადობ, შალვა წიკლაურს
თვალებში ცეცხლი უნთია,
სუფრასთან ემიგრანტობის
მაძიებელთა გუნდია.
ვერიკო მღერის, – ამ გოგოს
ო, რა სიმღერა სცოდნია,
შემთვრალი მამაკაცები
ცრემლისღვრით ერთურთს ჰკოცნიან.
ისეთი ცაა ჰანოვარს,
გგონია, წვიმა წამოვა...
ზამთარში?! უკაცრავად ვარ,
ზაფხულში მზე თუ ამოვა, –
იტყვის შალიკო-ვალიკო
და საქართველოს დალოცავს.
ეჰ, ბედის ბორბალს რა ვუყოთ,
სად მიაბრძანებს სადაურს,
აქ გულს ერთმანეთს გავუყოფთ,
შინ ვეცილებით ხატს და პურს...
ისეთი ცაა ჰანოვარს,
გგონია, წვიმა წამოვა.
თბილისში მზეა, ამინდი,
როგორც ამბობენ, თბილია,
...ამინდს გაუწყრეს გამჩენი,
ახლა ერს უნდა ილია.