შენ ქაშუეთში მელოდი მაშინ,
იდექი ანგელოსების გვერდით,
თითქოს მელოდი იისფერ ცაში,
ხელში ყვავილი გეჭირა თეთრი.
ის იყო შენი წმინდა სანთელი,
რომელიც უნდა დაგენთო ხატთან.
შველას ითხოვდი და გამართლებას,
მიხუტებოდი ღვთისმშობლის კალთას
და გისველებდა ცრემლები სახეს,
გარეთ წვიმდა და ხანდახან ელვით
განათდებოდა `მხატვართა სახლი”
და ლოცულობდა შემკრთალი მრევლი.
შენ ჩაიდენდი დღეს პირველ ცოდვას
და ეს ცრემლი და ჩუმი გოდება
ციურ მიჯნურთან და გულისსწორთან
იყო მალული დამშვიდობება.
რეკდნენ ზარები და თეთრი მტრედი
მოვერცხლილ გუმბათს ირგვლივ უვლიდა.
შენ კი გიყვარდა და თვითონ ღმერთიც
ვერ დაგიხსნიდა სიყვარულიდან.
სხვა გზა არ იყო დღეს ამ გზის გარდა,
ახლა არავის შეეძლო შველა,
ჩვენ მოვიხედეთ და ტაძრის კართან
მაგდალინელის დავლანდეთ მზერა...