Litclub.ge

მგელი
ყეფენ და ყეფენ ეზოს ცუგები,
დანაყრებულნი ვახშმის ნარჩენით,
შორს კი ნადირობს ტყეში ძუ მგელი
დამშეულ შვილთა გადასარჩენად.
გახედავს სოფელს და გვერდს აუვლის,
ძაღლების ყეფა-ყმუილი ისმის.
მათ წინაშეც აქვს დანაშაული _
რომ არ გაძაღლდა მათსავით ისიც.
და სწყევლის თავის წერასატანილ
სიცოცხლეს,
ტყვია რომ წაშლის ხვალ-ზეგ.
მოაგონდება მოდგმა ადამის
და ბრაზით ბეწვი ეშლება ყალყზე.
კრულვით იხსენებს იმ შორ წინაპარს,
გულუბრყვილოს და კეთილს, ბავშვივით,
რემსა და რომულს რომ უწილადა
ძუძუ საკუთარ ლეკვთა არჩივი.
ტყვიას ემსხვერპლნენ მამა-ბიძები,
საით წავიდეს, რა ქნას, რომ შია?
ამბობენ, რომში დგასო მგლის ძეგლი,
მაგრამ მგელს ტყვია ელის რომშიაც.