Litclub.ge

იფიქრე ჩემზე
მარტო ვარ, მღალავს დროის სიფითრე,
ზამთრის ქარები ძარცვავენ ჭადრებს.
წერილს არა გთხოვ, ჩემზე იფიქრე,
ფიქრი მომივა წერილზე ადრე.
ნურც დამირეკავ, იფიქრე მხოლოდ,
რადგან ახლო ვარ, მაგრამ ამავ დროს
უკიდეგანო სივრცეში ვცხოვრობ,
უგზაკვალოდ და უმისამართოდ.
ჩემთვის სათქმელი ჩემზე ფიქრს ანდე,
შენი გულივით თბილს და ფოფინას,
იგი ადვილად მიპოვის სადმე,
თუ სიყვარულის ფრთებით მოფრინავს.
ოკეანეთა და ცათა მიღმაც
გულს მამჩნევია შენი ნაჭდევი.
რომ მოგენატრო და ფიქრით მიხმო,
დაუფიქრებლად შენთან გავჩნდები.
და ერთად ვნახავთ დღეებს მზიანებს,
რომელთაც ახლა ცალ-ცალკე ვეძებთ,
ოღონდაც ფიქრს ნუ დამიგვიანებ,
ძალიან ხშირად იფიქრე ჩემზე.