Litclub.ge

ვაი, რა ცოტანი ვართ...
(ნაწყვეტი ლირიკული პოემიდან `ფიქრები საქართველოზე~)
მე ერთი პაპა მყავდა, რჩეული გვარ-ტომთა,
უყვარდა გაზაფხული, ყვავილთა ფანტელები...
სულ იმას იძახოდა, სულ იმას ამბობდა:
_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!
შრომობდა, იღვწოდა, სწყუროდა, შიოდა...
ბევრჯერ მისი ოფლით მორწყულა ველები,
შინ იყო თუ გარეთ, სულ იმას ჩიოდა:
_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!
ჰყავდა ცხრა შვილი _ ოჯახის ფუფუნება,
მაღალნი, თამამნი, ლამაზნი, ჯანმრთელები...
და მაინც სწუხდა და სულ იმას ბუზღუნებდა:
_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!
კვდებოდა, ეცლებოდა სული _ ზღვის ტალღა,
მკერდს ეწყო გაყინული ვეება ხელები...
კვდებოდა ბერიკაცი და მაინც იძახოდა:
_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!
ვდგავარ მის საფლავთან,
დარდს გულის კარს ვუღებ,
მწვავს ფიქრი მამულის სუნთქვით ნაფერები...
და მეც პაპასავით მტკივა და მაწუხებს,
რომ დღეს ცოტანი ვართ მართლაც ქართველები!