Litclub.ge

სიზმარ-ბალადა
1
უუშორეს ვარსკვლავებს
ღამე მდორედ შეათოვს.
სოფლის ბოლოს ხარს კლავენ
და სანთელი კიანთობს.
რიყის ქვების გარშემო
შემოსხდომა ინებეს.
ხარკალიას წყალს ზემოთ
მწვადებს აშიშხინებენ.
ხარკალიას წყალს ზემოთ
თეთრი კოცონია
და ჩემს ტურფა სწორფერს
დევი მოსწოლია.
ვაი, ღამე მომპარეს
სატრფო უმხურვალესი.
დღეს არ, ხვალე მომკლავენ,
ძელგი ღვინით გალეშილს.
ხარკალიას წყალს ზემოთ
თეთრი კოცონია
და ჩემს ტურფა სატრფოს
დევი მოსწოლია.
2
ვაჰმე, ლარი შემწყდომია,
მშვილდი ვეღარ მომიზიდავს.
დევო, დევო, შვიდცოლიანს
რად გინდოდა ჩემი ციცა.
გაღმა თეთრი კარვებია,
ყველგან შენი ჯარი არი.
ვინ მიმუხთლა და შეგიხსნა
დერბენდი და დარიალი.
გვიან, როცა თმებს ივარცხნისმთვარე დახრილ მაყვლის ტოტზე,
მარჯვნივ დევი,
დევი მარცხნივ,
უკან დევის ბიჭი მომდევს.
....................
ვაჰმე, ლარი შემწყდომია,
მშვილდი ვეღარ მომიზიდავს.
დევო, დევო, შვიდცოლიანს
რად გინდოდა ჩემი ციცა.