ის მოდის ზღაპრულ მშვენებით სავსე,
ასული ცეცხლის ნგრევის და შფოთის,
ტყვიების თქეში გადასდის თავზე
და დაცემულთა გვამებზე მოდის!
თმებში უბრწყინავს ხანძრების ფერფლი,
ფეხს რომ აბიჯებს ტყვიით მოცელილთ,
ვაშას მოსძახის მისსივე მსხვერპლი,
მის ნატერფალზე სისხლის მკოცნელი.
ძირს დამსხვრეული გდია უღელი,
მაჯებს აჩნია ბორკილის ჟანგი;
მოდის ამაყად წარბშეუხრელი
და წინ მოუძღვის ღვთიური ჰანგი.
სანდომიანი და ფეხშიშველი
მოდის ღვთაების ხელით ნახატი,
მოდის მიმნდობი და მიმზიდველი
და შუბლს უმშვენებს სისხლის ნაკადი.
ოცნება ხალხთა, ნატვრა მგოსანთა,
მოდის, მოაფრქვევს ელვას ტყვიებად...
მზის ამოსვლას ჰგავს მისი მოსვლა და
მას ყველაფერი ეპატიება.