Litclub.ge

*** "არაფერია...მაგრამ უბრალოდ"
არაფერია...მაგრამ უბრალოდ
გულმა ტკივილით მოიღო რეჩხი:
ძველი ბილიკი ანწლს დაუფარავს,
სულ სხვა ბილიკით შედიან ტყეში.

არაფერია...და ძლივს ვიცანი
ეს ძველი ეზო,
ეს ძველი შუკა.
ის არი, მაგრამ აღარც ის არი,
აგდია დევის თოხივით უქმად.

მახსოვს ბაბუა, როგორც მლოცველი,
ხნულს მოჰყვებოდა აღსავლის მხრიდან,
მხარზე მზე ეჯდა ანგელოსივით
და ბღუჯა სიმინდს ხნულებშ ჰყრიდა.

აღარც ხნულია , აღარც მოლია,
ხრიოკი ველი ტრამალს ჰგავს ნამდვილს.
ღმერთო, სიმწვანე  რამ გამოლია,
თავს რად წამოდგა ყივჩაღის ლანდი?

მხარზე თოხივით გავიდებ შუკას,
ხელშ კრავივით ავიყვან ბოსტანს,
ასე ჩავიტან ქალაქშ ლუკმას
და პირნეთელი ვიქნები დროსთან.

და ჯიქნებივით მსუყე ბელტებით,
სოფელო, ქალაქს შეუერთდები.