Litclub.ge

* * * დადექ პროფილით (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
დადექ პროფილით. პროფილი ხომ ამ სახეს ბროლის 
უფრო მკაფიოს, ნათელს აჩენს, ვიდრე ოვალი 
მოღალატური თვისებებით მბრუნავი ბორბლის: 
ადგილთა ცვლით და ასე შემდეგ, მსგავსი ყოველი. 
იგი დღის ბოლოს მახსენებდა მე ხშირად წამით 
დევნით გარდაცვლილს, ან პულმანის ვაგონებს მწვანეს, 
ან ლოკომოტივს გადარეულს, ტილოზე ღამით 
ჩემს ხელის გულზე რომ გაჩერდა და შეისვენა, 
ბუ კი კიოდა ტყეში. ვხვდები სირცხვილით ახლა - 
ბუ არ ყოფილა; თუმცა მაშინ სიბნელის კართან 
შაშვი ბუში რომ ამერია – მე გამიხარდა: 
ღაწვმაღალ ჩიტში, პროფილთლილი ჩიტი ნისკარტა. 
პროფილში თუმცა ნაწილი ჩანს, არ გრჩება დარდად 
ის, რაც არა ჩანს, თვალებიც რომ ბევრი აცეცო. 
და ერთ ღამეში ის ხმაც სევდას გადაბერტყავდა, 
როგორც შიშველი ხელით ზღურბლთან პურის ნამცეცებს.