არ მითხოვია - ჩემთან მოდი,
თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება,
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი,
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია - ვიყინები, ხელებს გამითბობ?
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო,
არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა,
არ მითხოვია, და მე დღემდე არაფერს ვითხოვ.
არ მითხოვია - ერთხელ მაკოცე,
ვიყავი ჩუმად,
ფრთხილად შემეხე, გადამიწიე სახიდან თმები,
მე თვალებდახრილს შენი გულის ცემა მათბობდა,
შენ გაღიმებულს გაოცებდა ჩემი თვალები.
არ მითხოვია - გამიღიმე,
თავად მიღიმი,
ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს,
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი,
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.
არ მითხოვია – დამიბრუნდი,
და ამას არც გთხოვ,
რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა,
ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი,
და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს,
ვერა და ვერა.